კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერი ენტონი როტა პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენკსის ვიზიტის დროს ეს-ეს-ის გრენადიერთა დივიზიის ვეტერანის 98 წლის იაროსლავ ჰუნკას მიწვევის გამო სკანდალის ფონზე გადადგა.
განცხადებაში მან პარლამენტის წევრებს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა.
„დამძიმებული გულით ვატყობინებ წევრებს თემთა პალატის სპიკერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ“, - თქვა როტამ. მას გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუზუსტებია.
როტას გადადგომისკენ მას შემდეგ მოუწოდეს, რაც გაირკვა, რომ გასულ კვირას პარლამენტში, კანადაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს 98 წლის იაროსლავ ჰუნკა მიიწვია. როტამ ის პარლამენტს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანად წარუდგინა, რომელიც რუსების წინააღმდეგ იბრძოდა.
მოგვიანებით, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ჰუნკა მე-14 ვაფენ-ესეს-ის გრენადიერთა დივიზიაში მსახურობდა, რომელიც ასევე ცნობილი იყო, როგორც გალიციის დივიზია. დივიზია შედგებოდა ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან, რომლებსაც ნაცისტები მეთაურობდნენ. დასავლური მედია წერს, რომ დივიზიის წევრებს ბრალად ედებოდათ პოლონელი და ებრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, თუმცა დანაყოფი ტრიბუნალს არცერთ სამხედრო დანაშაულში არ უცნია დამნაშავედ. დანაყოფს ეწოდა პირველი უკრაინული დივიზია, ვიდრე 1945 წელს მოკავშირეებს ჩაბარდებოდა.
პარლამენტში ჰუნკას მიწვევას კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკიდურესად უხერხული ფაქტი უწოდა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. ეს არის ის, რაც უკიდურესად უხერხულია კანადის პარლამენტისთვის და, საერთოდ, ყველა კანადელისთვის“, – განაცხადა კანადის მთავრობის ხელმძღვანელმა.