ნორვეგია უკრაინას 92 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რათა დაეხმაროს კიდევ ერთი ომის ზამთრის გადატანაში.
სახსრები მიმართული იქნება მოსახლეობის შედარებით მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვების, ლტოლვილების და იძულებით გადააგილებული პირების უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართების, საკვები პრდოქტების, წყალმომარაგების, განათლების, სამედიცინო მომსახურებითა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით.
„რუსეთის სასტიკი ქმედებები უდიდეს ტანჯვას აყენებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება, რათა კიდევ ერთი ზამთარი გადაიტანონ“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰიუთფელდტმა.
დახმარება გაეროსა და წითელი ჯვრის მიერ შექმნილი უკრაინისთვის არსებული პროგრამების ფარგლებში განაწილდება.
ნორვეგიამ, რომელიც ნატო-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა, მანამდე განაცხადა, რომ უკრაინაში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს აგზავნის. მან უკრაინას ასევე გადასცა საზენიტო რაკეტები, განაღმვის საშუალებები და დამატებითი დაფინანსება გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველსაყოფად.