„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განაცხადებით, ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივი ცალსახად პოლიტიკურია.
„პრეზიდენტი პოლიტიკოსია და მისი მოტივი ცალსახად პოლიტიკურია. მას პოლიტიკური მოტივის გამო ვერ გავაკრიტიკებ. მოტივი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ცდილობთ, ვიდრე ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე იქნება, სანქციები არ აღასრულოთ იმის შიშით, რომ არ გინდათ, იმავე რეგულირების ქვეშ მოექცეთ მომავალში, როცა, შესაძლოა, სანქციები თქვენზე გავრცელდეს, მე ამას არ გაგიტარებთ. თუ მართლმსაჯულება აღსრულდება მაშინაც, როცა ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა, ის ეფექტურად უნდა აღსრულდეს. სამართლებრივად ბევრი კრიტიკა მოვისმინე, მაგრამ ხალხს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი პოლიტიკოსია და, გარკვეულ შემთხვევაში, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევალება. მისი ახსნიდან გამომდინარე, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, შეიძლება, ლეგიტიმური იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხომ არ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა:
„ქვეყნის იმიჯს მაინც არაფერი ეშველება. ქვეყნის იმიჯი ახლა პერმანენტულად, ყოველდღიურად ზიანდება და ყველაზე ნაკლებად დამნაშავე ამ პროცესში პრეზიდენტია. თუ ვინმე ზრუნავს ქვეყნის იმიჯის გამოსწორებაზე, მივასწავლი, საიდან უნდა დაიწყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.