რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას.
„ზელენსკი და ყველა ვინც მას ვაშინგტონში, ლონდონსა და ბრიუსელში ხელმძღვანელობს, ერთხმად ამბობს: “არ არსებობს მშვიდობის სხვა საფუძველი, გარდა ზელენსკის ფორმულისა. ზელენსკის ფორმულა კი აბსოლუტურად არარეალიზებადია და ეს ყველამ იცის“, - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
ლავროვის თქმით, დასავლეთი კონფლიქტის ბრძოლის ველზე მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს - ამას რუსეთიც ეთანხმება. ”და ამ პირობებში, რაკი ბრძოლის ველზეა {საუბარი}, იყოს ბრძოლის ველზე”, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არ არის განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის რაიმე წინადადება, თუმცა თანახმააა მოლაპარაკებაზე.
მანამდე ლავროვი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და დასავლეთს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა, საერთაშორისო მმართველობის რეფორმისკენ მოუწოდა და დასავლეთის ქვეყნებს „სიცრუის იმპერია“ უწოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ გაიმეორა თეზისი, რომ აზრი არ აქვს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას მაშინ, როცა მას ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს.
ზელენსკის სამშვიდობო გეგმა გულისხმობს რუსული ჯარების გაყვანას უკრაინის ყველა საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან, ომის დამნაშავეების დასჯას და კომპენსაციის გადახდას.
მანამდე ზელენსკიმ ისაუბრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - და მან, სხვა საკითხებთან ერთად, მოუწოდა, რუსეთს ჩამოერთვას ვეტოს უფლება უშიშროების საბჭოში, რადგან მან დაარღვია გაეროს წესდება მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმით.