რაც გუშინ ვიხილეთ არის ხელისუფლების ბოლო ჟამი. მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად შეძლო ქვეყანაში ქურდული სამყაროს აღმოფხვრა, დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან კი ფაქტობრივად, სრულად არის რეაბილიტირებული ეს სამყარო, - ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ
სოფო ჯაფარიძე გამოეხმაურა გლდანში საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანხმხლებ პირებზე მომხდარ ჯგუფურ ძალადობას.
მისი თქმით, რეჟიმი დასრულდება და მას დაასრულებს ერთობა, რომელიც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
„საზოგადოებისთვის მსურს ერთი რამის თქმა, რომ რაც გუშინ ვიხილეთ არის ხელისუფლების ბოლო ჟამი. ეს არის ქვეყნის ბელარუსიზაციისკენ მიმავალი გზა. დიახ, ასე მხოლოდ ბელარუსში და რუსეთში უსწორდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ასე დევნიან განსხვავებულ აზრს. ყველაზე მტკივნეული და დრამატულია, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად შეძლო, ქვეყანაში სრულად აღმოეფხვრა ეს ქურდული სამყარო, დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ფაქტობრივად, სრულად არის რეაბილიტირებული ეს სამყარო. ყველაზე დრამატული რაც არის, გუშინ ვნახეთ, ქურდული სამყარო პოლიციასთან ერთად სინქრონში როგორ მუშაობს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ამას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“. ამ ქვეყანაში იზრდებიან ჩვენი შვილები და მინდა მივმართო ყველას, ხვალ ისინი მოვლენ ჩვენთან, თითოეულ ჩვენს ოჯახში, ვისაც გვექნება განსხვავებული პოზიცია. მოვლენ და გაგვისწორდებიან ფიზიკურად. დაგვაკავებენ ჩვენ, ჩვენს შვილებს, ჩვენი ოჯახის წევრებს თუ დროულად არ შევცვალეთ ყველა დონეზე დამპალი რეჟიმი და სისტემა, რადგან სხვა გამოსავალი ფიზიკურად აღარ გვაქვს. ჩვენ მათ შევცვლით გამარჯვების რწმენით, ერთობით და პრინციპულობით. ბოლო დღეებში კარგად გამოჩნდა რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთობას. ჩვენ ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ ამ დამპალი რეჟიმის წინააღმდეგ.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.