ოფიციალური თბილისი ახალგორში ლარის მიმოქცევის შესაძლო აკრძალვას საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე მიღწეული წარმატების გამო რუსეთის გაღიზიანებით ხსნის.
"რუსეთის ხელისუფლება კარგად ხედავს საქართველოს წარმატებას საერთაშორისო დონეზე, ამიტომაც არის გაღიზიანებული და იმდაგვარ უპასუხისმგებლო საქციელს ჩადის, როგორიც კულტურული ძეგლების გენოციდი, ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა თუ ფულის მიმოქცევაზე პრობლემების გაჩენაა", - განუცხადა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ.
მისივე განმარტებით, ოკუპირებულ ახალგორში ლარის მიმოქცევის აკრძალვა სავარაუდოდ ვერ მოხდება, რადგან ხშირ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ვალუტით რუსი ოკუპანტებიც კი ვაჭრობენ.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება იანვრიდან ოკუპირებულ რეგიონში ლარის მიმოქცევის აკრძალვას აპირებს, რის კონტექსტშიც ის მოსახლეობას საქართველოს ეროვნული ვალუტის სხვა ვალუტაში დროულად გადაცვლისკენ მოუწოდებს.