დღეს, 21 დეკემბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე დიკ მარტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.
ევროსაბჭოს წარმომადგენელი 10:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის წევრებს შეხვდება, რის შემდეგაც სახელმწიფო კანცელარიაში გაემგზავრება.
კანცელარიაში ევროპელი დიპლომატი 11:00 საათზე ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, ეკა ტყეშელაშვილს და 12:00 საათზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას შეხვდება.
ევროსაბჭოს დელეგაცია თბილისს 16:25 საათზე დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, დიკ მარტის ვიზიტი 17 იანვარს დაგეგმილ ევროსაბჭოს შემაჯამებელი სხდომისთვის მოსამზადებელ სამუშაოს უკავშირდება.