ფარცხალაძესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, ყველა ფაქტი მტკიცებულებებით დადასტურდეს, გამოძიების დაწყება აუცილებელი იყო. რომ იყოს საფუძველი, დააკავებდნენ, ეტყობა, არ არის საფუძველი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არ ვიცი დეტალები, არც მუხლი ვიცი, არც ის, რა პროცედურები ჩატარდა აქამდე. გამოძიებას აწარმოებს სუს-ი, უსაფრთხოების სამსახური, დეტალები მე ვერ მეცოდინება. ადამიანს როცა ასეთ ბრალდებას უყენებენ, მნიშვნელოვანია, ყველა ფაქტი მტკიცებულებებით დადასტურდეს, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე აღარ არის, მაგრამ თავის დროზე იყო მოქალაქე. ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ გამოძიების დაწყება აუცილებელი იყო. იმედია, უსაფრთხოების სამსახური მიმართავს უცხოელ პარტნიორებსაც, მტკიცებულებებს გამოითხოვს. საბოლოო ჯამში, გამოძიების შედეგებიც უნდა გასაჯაროვდეს. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია თემასთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღება. ყველა თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ უწყებები. საფუძველი რომ იყოს, დააკავებდნენ. ეტყობა, არ არის საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.