გვაქვს ორი მთავარი საკითხი – უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს. საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს „ოცნებამ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ ყველამ ნახა, „ქართული ოცნება“ როგორ ჩადგა ჯაშუშის დამცველის ფუნქციაში.
მისივე თქმით, უტყუარად დადასტურდა, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოში იმყოფება.
„მათ მოუწიათ უკან დახევა და ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტეს, მაგრამ ვსვამ მთავარ კითხვას – რუსეთის მოქალაქე ხომ არის უკვე ფარცხალაძე, რატომ არ არის დაკავებული? გუშინ უტყუარად დადასტურდა საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ჟურნალისტებზე თავდასხმით, რომ ფარცხალაძე იმყოფება საქართველოში, შესაბამისად, ჩვენი კითხვა არის ის, თუ რატომ არ ხდება ფარცხალაძის დაუყონებლივ დაკავება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით? სუს-ი და სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც არ აკავებენ რუს ჯაშუშ ფარცხალაძეს, პირდაპირ საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენენ. კითხვას ვუსვამ „ქართულ ოცნებასაც“, სუს-საც და ყველა უწყებას, რატომ არ ახდენთ ფარცხალაძის დაკავებას?
ორი მთავარი საკითხი, რაც ახლა გვაქვს: უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს. ჩვენთვის მთავარია, „ოცნებამ“ საზოგადოებას პასუხი გასცეს, რატომ არ ხდება ფარცხალაძის დაკავება, კაცი არის მხილებული ჯაშუშურ საქმიანობაში, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს“, – განაცხადა ვაშაძემ.