„ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სანქციების სამიზნე არის სწორედ ის. ამიტომ იღებს ის ასეთ გადაწყვეტილებებს, რომ მომავალში თავი დაიზღვიოს იმ გარდაუვალი მოცემულობისგან, რომელიც მის წინაშე დადგება თუ ის დროულად არ გადააბარებს მშვიდობიანად ხელისუფლებას,“- ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილისთვის მძიმე იქნებოდა.
„ჯეიკ სალივანთან შეხვედრა დარწმუნებული ვარ იყო ძალიან მძიმე ივანიშვილის პაიკისთვის, პრემიერად წოდებული ღარიბაშვილისთვის, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს ივანიშვილის ყველა დავალებას, მათ შორის იმას, რომ კოორდინირებულად მოქმედებდეს მთელი მისი მთავრობა, ყველა სახელმწიფო უწყება რუსი ჯაშუშის, ოთარ ფარცხალაძის დასაცავად. კოორდინირებულო მოქმედებები ფარცხალაძის დასაცავად, სანქციების თავიდან ასარიდებლად და სანქციების რეჟიმის დარღვევის ფონზე, ხდება იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სანქციების სამიზნე არის სწორედ ის. ამიტომ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, რომ მომავალში თავი დაიზღვიოს იმ გარდაუვალი მოცემულობისგან, რომელიც მის წინაშე დადგება თუ ის დროულად არ გადააბარებს მშვიდობიანად ხელისუფლებას,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.