ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გუშინ დატოვეს თანამდებობები. როგორც ჩანს, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ერთპიროვნულად მიიღო და ეროვნული ბანკის წევრებთან შეთანხმებული არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პირობებში პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, ვიდრე არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესაბამისი ბრძანება და ეროვნული ბანკის გარშემო ვითარება არ გამოსწორდება.
„ნახეთ, რომ კანდიდატები არ იყვნენ წარმოდგენილი კომიტეტზე. ეს მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. ასევე, რა მექანიზმები არსებობს უკან გაწვევის, ამაზე დეტალებში არ შევალ. რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, კონსტიტუციას არღვევს უმრავლესობა. კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის თავის საქმეში დამოუკიდებელი და მის საქმიანობაში ირიბად, ზეპირად თუ რაიმე ფორმით ჩარევა არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარი განაცხადა.
საფინანსო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომის დასრულების შემდეგ კანდიდატებს კენჭი უყარეს და მათ მხარი არ დაუჭირეს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი კომიტეტის სხდომას არ დასწრებიან.