"როდესაც გამოდის საქართველოს პრეზიდენტი და პირდაპირ ითხოვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისგან გადადგომას და ეროვნული ბანკის საბჭოდან გასვლას, ეს არის სწორედ ზეწოლა,"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერშინათია თურნავასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას თქვა.
"ეს ძალიან საინტერესო განცხადება იყო, მერე გაგრძელება რაც მოჰყვა, იყო არანაკლებ საინტერესო. როდესაც სამართლებრივად აფასებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ეს ყოფილა ზეწოლა. სამართლებრივად აფასებ და ვიღაცამ გადაიაზრა სამართლებრივად, ეროვნულმა ბანკმა ამ შემთხვევაში და ეს ყოფილა ზეწოლა. 2 წუთში პრეზიდენტი აგრძელებს თავის სიტყვას და ითხოვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან გადადგომას და ეს არ არის ზეწოლა. სასაცილოა ეს და არაკომპეტენტურობაც არის, ასე ვიტყოდი, ვიღაცამ დაუწერა თუ თვითონ დაწერა ეს ტექსტი, ეს ხომ არაკომპეტენტურობაა.
მარტივადაა საქმე - სამართლებრივი შეფასება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ყოფილა ზეწოლა, ეს ხომ აბსურდია, სამართლებრივად აფასებ, ნებისმიერი, მთავრობის აქტიც შეგიძლია შეაფასო სამართლებრივად, პარლამენტის აქტი და ეროვნული ბანკის, აუდიტორის და ყველასი, ეს რანაირად არის ზეწოლა?! 2 წუთში გამოდის და თვითონ ეუბნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, გადადექიო და ეს არ არის ზეწოლა?! ამოყირავებულია აბსოლუტურად ეს ყველაფერი და სასაცილოა.
მე რომ ვამბობ, რომ სამართლებრივად ეს ასეა და ეს თუ ვიღაცამ გადაიაზრა, რატომ არის ეს აპრიორი ზეწოლა? ვიღაცას შეიძლება ეჭვი ჰქონდეს, დავუშვათ, მაგრამ როგორ შეიძლება ეს აპრიორი ზეწოლად ჩათვალო და იქ რაღაც სიტყვები გამოიყენო: უღირსი ქმედება, თუ რაღაც ასეთი თქვა, თავისკენ მოიკითხოს ღირსების პრობლემები, ამას ვიტყვი ძალიან მკაფიოდ. რომ არ ეთქვა მას ეს, არ შევიდოდი ამ პოლემიკაში, მაგრამ ღირსების პრობლემა სადაც არის, ძალიან კარგად ვიცი და ეს არის სწორედ იქ, სადაც ეს სიტყვები ითქვა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.