კუპონიზაცია, ალბათ, დარჩა ზოგიერთი ხელმოცარული მოღვაწის მეხსიერებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას არ დავუბრუნდებით. ეროვნული ვალუტა არის მართლაც ძალიან მყარი, ძალიან საამაყო და სულ უფრო მეტად პოპულარული, - ამის შესახებ ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ სულ უფრო მეტი მოქალაქე სესხს სწორედ ლარში იღებს და დანაზოგსაც ეროვნულ ვალუტაში ინახავს.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს.
„სავალუტო ბაზარზე პირველ რიგში მოქმედებს ის მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც არის ქვეყანაში. არანაირი მაკროეკონომიკური საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მსგავსი აპოკალიფსური სურათი დავიხატოთ და ამის შიში გვქონდეს, არ არსებობს, იმიტომ რომ ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად. ყველა ფინანსური მაჩვენებლით ჩვენი სავალუტო სისტემა არის მდგრადი და სტაბილური.
ერთ-ერთი ჩვენი მთავარი ამოცანა პოსტპანდემიურ პერიოდში იყო ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინფლაციის დონის შემცირება და ეს ამოცანა მიღწეულია. ბოლო მონაცემებით, 1%-ზე ნაკლებია ჩვენი ინფლაცია, როდესაც მიზნობრივი ინფლაცია 3%-ია და გაცილებით დაბალ ნიშნულზე გვაქვს ახლა ფასების დონე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყანას სერიოზული პრობლემა ჰქონდა ამ თვალსაზრისით. არა მარტო ქვეყანას, მთლიანად მსოფლიოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს მოსახლეობაზე ვსაუბრობთ. ახლა ეს პრობლემა მოხსნილია.
სხვათა შორის, ინფლაციასთან ბრძოლაში უდიდესი წვლილი შეიტანა ისტორიულად მყარმა ლარის კურსმა და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამისთვის, როგორც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, თუნდაც იგივე, რომ მთელ რიგ სასაქონლო ბაზარზე მოხდა კონკურენციის წახალისება, იქნება ეს მედიკამენტები, ნავთობპროდუქტები, სხვადასხვა საკვები“, - განაცხადა თურნავამ.