ჩვენ ვნახეთ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე ზეწოლის, თავდასხმის კლასიკური მაგალითი და მცდელობა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი გადააყენოს თანამდებობიდან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„არგუმენტი მოიტანა, ჩემი წარდგენილიაო, ბოდიშს ვუხდი საზოდგადოებას და ამიტომ უნდა გადადგესო. ვისი არჩეულიც არის, იმ ადამიანებში ალბათ აღარ მოიძებნება რამდენიმე ერთეული, ვისაც მოსწონს სალომე ზურაბიშვილი, მისი დღევანდელი ქმედებები და მაშინ თავად უნდა გადადგეს. აღარ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და ისიც „ქართული ოცნების“ ხათრით და მისი ნდობით. ეს ნდობა მან ვერ გაამართლა, პირიქით, სახელმწიფოს, კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა და მაშინ თვითონ უნდა გადადგეს.
რა ლოგიკაა, ჩემი წარდგენილია და გადადგეს, სად, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში მოისმინა. მას რაც ევალება, ის გააკეთოს. მაგალითად, ვნახეთ იუსტიციის სამინისტროს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელმაც განაცხადა, რომ წარმოება დაწყებულია ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოქალაქეობის დაკარგვის საქმეზე და გადაუგზავნიან პრეზიდენტს. პრეზიდენტს თუ რამე უფლებამოსილება აქვს, მათ შორის ეს არის რეალურად მისი საქმე, მისი გადაწყვეტილებით თუ დაკარგავს ოთარ ფარცხალაძე მოქალაქეობას, ეს ნიშნავს, რომ დაზუსტდება ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში აღარ გაგრძელდება და ძალით ჭმუნვებიც მოიხსნება.
სახელმწიფო იცავს თავის ნებისმიერ მოქალაქეს. ამასობაში, ერთი ძალიან კარგი რამ მოხდა, გასაგებია, რომ ოთარ ფარცხალაძეს ვეღარ შეეხება, მაგრამ მომავალში ყველას ეცოდინება, რომ საქართველოს მოქალაქეს მტკიცებულებების გარეშე რაც უნდა სანქცია დაადონ, თუ მის მიმართ, საქართველოს შიდა სასამართლოების, ეროვნული სასამართლოს მიერ განაჩენი არ იქნება გამოტანილი, უტყუარად არ ექნება დადასტურებული რაიმე სახის დანაშაული, ვერ გავრცელდება ვერანაირი სანქცია და მსგავსი რეგულაცია. ანუ, ამ ერთი შეხედვით ხელოვნურმა აჟიოტაჟმა ერთი კარგი ის უზრუნველყო, რომ საქართველოს მოქალაქეები დაცულები იქნებიან მტკიცებულებების გარეშე სანქციებისგან, ვისგანაც არ უნდა იყოს, მეგობრისგან, თუ არამეგობრისგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს დაიცავს ეს გადაწყვეტილება. პრეცედენტი შედგა და ამიერიდან ვერავინ დაასანქციერებს ქვეყნის შიგნით ადამიანებს, რომელთა მიმართაც არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგრამ თუ იქნება, ბუნებრვია, ამ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.