ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ოთარ ფარცხალაძეზე სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლისგან, ნათია თურნავასგან, უტიფრობა და აბსურდი მოვისმინეთ.
ბოკერია ამბობს, რომ სანქცირების ინსტრუმენტებს, უდანაშაულობის პრეზუმციასა და სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.
მისივე თქმით, ქართული ოცნების რეაქცია დადასტურებაა, რომ ფარცხალაძე ინდივიდუალურად კი არ მოქმედებდა, წარმოადგენდა ივანიშვილს და ამიტომ გადაეფარნენ მას.
"არსად თითქმის მსოფლიოში და არსად თავისუფალ სამყაროში არანაირი პირდაპირი კავშირი სანქცირების ინსტრუმენტებს, უდანაშაულობის პრეზუმციასა და სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს შორის არ არსებობს.
განსხვავებაც არ არსებობს ჩვენი კონსტიტუციით, მოქალაქისა და არამოქალაქის უფლებებს შორის ამ საკითხში. ეს აბსურდი იმიტომ მოიგონეს და მთელი მათი რეაქცია არის დადასტურება იმის, რომ ფარცხალაძე ინდივიდუალურად კი არ მოქმედებდა, წარმოადგენდა ივანიშვილს და ამიტომ გადაეფარნენ მას - სიგნალი უნდა იყოს მთელი ვერტიკალისთვის, რომ არ გაწირეს ის, ვინც ასრულებდა ივანიშვილის რეჟიმის დავალებას ამ უტიფარ საქმეში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ღალატისა. რუსეთში კავშირების დამყარება, იქ სტრუქტურების აგება ჩვენს ქვეყანაზე მათი გავლენების გასამყარებლად და მერე მხილება შეერთებული შტატებისგან პირდაპირ ჩვენი მტრის უსაფრთხოების კავშირში".- ამბობს გიგა ბოკერია.
ბოკერიას თქმით, სებ-ის გადაწყვეტილება ნიშნავს რისკების შექმნას საბანკო სისტემისთვის, იმის მიუხედავად, რა ნაბიჯები მოჰყვება ამას.
"იმედია არ მოჰყვება, რადგან ბანკებისთვის დარტყმა პირდაპირ კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეს რეჟიმი რისკზე წავიდა ფარცხალაძის, ანუ მისი მოქმედებების დასაცავად და ამის გარეშეც, ეს არის კიდევ უფრო გაღრმავება საქართველოს იზოლაციის თავისუფალი სამყაროსგან, პირისპირ დატოვება რუსეთთან, რუსეთის გავლენის ზრდა, სახელმწიფოების რღვევისკენ სვლა და დიდი მსხვერპლის და სისხლისღვრის რისკი საქართველოსთვის, როდესაც ჩვენ მოგვიწევს ჩვენი ქვეყნის დაცვა ჩვენი მტრისგან. ეს მოაქვს ივანიშვილის რეჟიმს ამ ნაბიჯებით და თუ ის არ გამოიცვალა, რომც გადადგან ფარცხალაძესთან დაკავშირებით გადადგან ნაბიჯები, დაგვიანებით ჩამოართვან მოქალაქეობა და ა.შ. ეს არაფერს ცვლის. ამ რეჟიმის გამოცვლის გარეშე, ჩვენ შანსი არ გვაქვს ჩვენი თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის დაცვის".- აღნიშნავს გიგა ბოკერია.