"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ბაგებში, სტუდქალაქის შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, რომლებსაც 2011 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაასახლებენ.
სუბარის თქმით, "ქართული პარტია" დევნილებს დაიცავს და პოლიტიკურ და სამართლებრივი ბრძოლის სხვადასხვა ფორმით ხელს შეუშლის ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას.
"მხოლოდ ჩვენი აქტიურობა არ კმარა, საბოლოო გამარჯვებას რომ მივიღწიოთ, თქვენც უნდა იაქტიუროთ. ურთიერთსოლიდარობის გარეშე არაფერი გამოვა", - მოუწოდა მან დევნილებს.
სუბარის განცხადებით, ოპოზიციის და დევნილების ერთობლივმა აქციებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, რაც იმაში გამოიხატა, რომ დეკემბრისთვის დაგეგმილი გამოსახლების პროცესი ხელისუფლებამ ერთი თვით გადაავადა.
"მართალია, ეს საბოლოო გამარჯვება არ არის, მაგრამ, ამავე დროს, ნიშნავს, რომ პროტესტის გამოხატვას აზრი აქვს", - აღნიშნა "ქართული პარტიის" თავმჯდომარემ.