რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი მედვედევი მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ტელეგრამზე ეხმიანება და სომხეთის პრემიერ-მინისტრზე, ნიკოლ ფაშინიანზე საუბრობს.
„ერთხელ, ერთმა ჩემმა კოლეგმა მოძმე ქვეყნიდან მითხრა: „მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, თქვენ მე არ მიმიღებთ“. მე ვუპასუხე: „ვიმსჯელებთ არა ბიოგრაფიის, არამედ ქმედებების მიხედვით“. შემდეგ მან ომი წააგო, უცნაურია, მაგრამ თავის ადგილზე დარჩა. შემდეგ მან გადაწყვიტა პასუხიმსგებლობა თავისი უნიათო მარცხის გამო რუსეთისთვის დაეკისრებინა. შემდეგ მან უარი თქვა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე. შემდეგ გადაწყვიტა ნატო-სთან ფლირტი დაეწყო, ცოლი კი დემონსტრაციულად წავიდა ჩვენს მტერთან ორცხობილებით.
გამოიცანით, რა ბედი ელის მას“, - ამბობს მედვედევი.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო. ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში ვითარების სტაბილიზაციისათვის რუსი სამშვიდობოების მოქმედებას მოელის. ვიდეომიმართვისას მან განაცხადა, რომ სომხეთი არ აპირებს აზერბაიჯანთან სამხედრო მოქმედებების დაწყებას მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო.
სომხეთის პირველი ლედი ანა აკოფიანი კიევში 6 სექტემბერს ჩავიდა, სადაც უკრაინას თავისი ქვეყნის სახელით პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა, ასევე მონაწილეობა მიიღო უკრაინის პირველი ლედის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში.