პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, უკიდურესად შემაშფოთებელია იმ გეგმების შინაარსი, რის შესახებაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
ირაკლი კობახიძის თქმით, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა ასეთი პროვოკაციები და სცენარი თავიდან იყოს აცილებული.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ძალიან შემაშფოთებელია. ზოგადი გეგმების შესახებ, ბუნებრივია, ისედაც ვიყავით ინფორმირებული ყველა, რადგან ისინი საჯაროდ აკეთებდნენ ხოლმე განცხადებებს რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ უკიდურესად შემაშფოთებელია იმ გეგმების თვითონ ფორმა, შინაარსი. საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა საქმე – აფეთქება, იარაღის გამოყენება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა ასეთი პროვოკაციები და სცენარი თავიდან იყოს აცილებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.