ეროვნული ბანკი იქნება თუ სხვა უწყება, ჯერ უნდა მოითხოვოს საქართველოს სახელმწიფოში თავისი მოქალაქის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები და ამის შემდეგ გადაწყვიტოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნასთან გათანაბრებული პირობების დაწესება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„პირველი, ხვალ რომ თქვენ, საქართველოს მოქალაქე ვიღაცამ დაგასანქციროთ, ჩვენ, პირველ რიგში, ამ საკითხის კანონიერება უნდა მოვითხოვოთ თუ არა, ვინც არ უნდა იყოს – ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს? საქართველოს მოქალაქე არა ოთარ ფარცხალაძე, არამედ ვიღაც უსასტიკეს დანაშაულზეც რომ იყოს მსჯავრდებული, საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით სხვა სახის სანქციები, რეგულაციები რომ დააწესოს სხვა ქვეყანამ, საქართველოს სახელმწიფოს აქვს თუ არა ვალდებულება, რომ მოითხოვოს მტკიცებულებები, რის საფუძველზე მოხდა ეს დასანქცირება? პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაეკისროს ქვეყნის შიგნითაც მტკიცებულებების გარეშე, ამიტომ კონსტიტუციას ასე ხელაღებით არ უნდა ვარღვევდეთ. ეროვნული ბანკი იქნება თუ სხვა უწყება, ჯერ უნდა მოითხოვოს საქართველოს სახელმწიფოში თავისი მოქალაქის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები და ამის შემდეგ გადაწყვიტოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნასთან გათანაბრებული პირობების დაწესება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ფარცხალაძის დასანქცირების საფუძვლად წარმოდგენილი ორი ბრალდებიდან ერთი ცალსახად არ შეესაბამება სიმართლეს და გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს მეორე ბრალდების უაპელაციოდ დაჯერება.
„ახლა რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, ოთარ ფარცხალაძე დაადანაშაულეს, როდესაც სანქცია დაადეს, ორ რამეში – გავიგეთ ორი რამ. პირველი, თითქოს ის არის „ფეესბეს“ აგენტი; და მეორე, თითქოს მას ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ჰქონდა გავლენა. მეორე მართალია? რომელიმე დამიდასტურებთ? აი, ვიმსჯელოთ, მეორე, რომ ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკოსებზე ოთარ ფარცხალაძეს გავლენები ჰქონდა, ეს შეიძლება მართალი იყის? და თუ ასეთივე სიმართლეა პირველი? თუ მე აპრიორში ვიცი, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომ არანაირი გავლენა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებაზე არც უცდია და არც ჰქონია, მეორე თუ ვიცი, რომ ტყუილია, პირველს უაპელაციოდ ვიჯერებ? ანუ, თან რა მძიმე ბრალდებაა ხომ „ფეესბეს“ აგენტობა. კაცს აბრალებენ, რომ „ფეესბეს“ აგენტია. მტკიცებულებები არაა, რატომ ითხოვთო, გვამუნათებენ ჩვენი ოპონენტები და პირველი ნამდვილად რომ ვიცით, არც მცდელობა ყოფილა, გამოვიდა, ვინმეს მიადგა და რაღაცა ზეგავლენა სცადა, ერთ ადამიანს მაინც. ანუ, ერთი ამ ორიდან, ვიცით, რომ არასწორია და მეორე ინფორმაცია უაპელაციოდ დაიჯერეთო, გვეუბნებიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ეროვნულ ბანკში ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.