დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, რომლებმაც პრეზენტაცია გამართეს შოვის ტრაგედიაზე, - ამის შესახებ განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეხვედრას არ დაესწრნენ, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ უმოქმედობას.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა როგორც ქართველი ექსპერტებთან, ისევე უცხოელ ექსპერტებთან, რომლებიც გვერთვებიან და აკეთებენ ძალიან მაღალ დონეზე, პროფესიონალურად შესრულებულ პრეზენტაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო შოვში განვითარებული ღვარცოფის მოცულობა, სიჩქარე და შესაბამისად, რა შეგვიძლია ვთქვათ იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა აღნიშნული პროცესების პროგნოზირება შესაძლებელი, აქ გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის ციფრული იმიჯები და რეკონსტრუქციები. ასეთი მაღალი დონის პროფესიონალებისგან აზრის მოსმენა რომ არ აინტერესებს არცერთი „ოცნების“ წარმომადგენელს, რომლებიც ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ამ შეხვედრაზე, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ოცნებას“ არ სურს გაიგოს სიმართლე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რაც არსებობს საზოგადოებაში, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ უმოქმედობას, რომელსაც ახლა ხელს აფარებს „ოცნება“. მხოლოდ ამან შეიძლება ახსნას ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან, ასეთი მაღალი პროფესიონალიზმის მქონე საერთაშორისო მათ შორის ექსპერტებთან, ისევე როგორც ქართველ ექსპერტებთან საუბარი, დისკუსია, მათგან მიღებული ინფორმაციის მოსმენა, არც ერთი ეს საკითხი მათთვის საინტერესო არ იყო,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.