პარლამენტში რიგგარეშე სხდომები აღარ იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღევანდელი ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
"არ გქონდეთ იმის წარმოდგენა, რომ პარლამენტი არდადეგებზე მიდის, რეგლამენტში ასეთი რაღაც არ არსებობს. პარლამენტში ჩვეულებრივ სამუშაო დღეები იქნება, მათ შორის 31 დეკემბერს", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ახალი წლის პირველ დღეებში პარლამენტში ბავშვებისთვის ღონისძიების მოეწყობა, ხოლო 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, დეპუტატები ალილოშიც მიიღებენ მონაწილეობას.
"გარდა აღნიშნული დღეებისა პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეებთან ერთად შევიკრიბებით და საგაზაფხულო სესიისთვის მოვემზადებით. ასევე გაგრძელდება იმ კანონპროექტებზე მუშაობა, რომლებიც გადაიდო", - დასძინა დეპუტატმა.