საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა 2010 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს 103-ე ადგილზე გასვლა შეაფასა. "ეს ნიშნავს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ამას ვასრულებთ კიდეც", - განაცხადა მან.
"ქვეყანა რომ ჩამოყალიბდეს, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ბევრ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოც მუშაობს, მათ შორის მედიამფლობელებთან, ასევე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ნათლად ჩამოვაყალიბეთ, რომ მზადა ვართ შევცვალოთ არა რაღაც ნაწილი, არამედ ისე უნდა გაიწეროს, რომ 2012 წლის არჩევნები სრულიად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისი შეფასებით, საქართველოს დემოკრატიული გზა უკვე არჩეული აქვს, თუმცა გასაკეთებელი ბევრია და პრეზიდენტი და მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობენ.
"დემოკრატიულობის კუთხით პროგრესი თვალსაჩინოა", - აცხადებს ვიცე-სპიკერი.
"ჟურნალისტებიც მიეჩვივნენ და საზოგადოებაც, რომ საქართველო პირველ ადგილზე უნდა იყოს ყველგან. გპირდებით ამ სფეროშიც რამდენიმე წელიწადში წინ წავიწევთ", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ჟურნალის "ეკონომისტის" ანალიტიკურმა კვლევითმა კომპანიამ თჰე Eცონომისტ Iნტელლიგენცე Uნიტ მსოფლიოს ქვეყნების 2010 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა (Democracy Index 2010), რომლის მიხედვითაც 167 ქვეყნიდან საქართველო რეიტინგში 103-ე ადგილზეა.
ინდექსი დემოკრატიულობის 5 საკვანძო მაჩვენებელს ეფუძნება. მათ შორსაა საარჩევნო კოდექსი და პლურარიზმი, მთავრობის საქმიანობა, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება. დემოკრატიულობის ინდექსში 167 სახელმწიფო დაყოფილია ხელისუფლების რეჟიმის ოთხ ტიპად. პირველი - სრული დემოკრატია, მეორე - არასაკმარისი დემოკრატია, მესამე - ჰიბრიდული რეჟიმი, მეოთხე - ავტორიტარული რეჟიმი.
რეიტინგში საქართველო მესამე საფხურზე - ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებში მოხვდა. საქართველოს უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა მოზამბიკი, უგანდა, ლიბერია, ვენესუელა, რომლებიც ასევე ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებში მოხვდნენ.