ბაზების გახსნის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის სამარცხვინო მანიპულაციაა, რომელზეც, ვფიქრობ, ბოდიშის მოხდა მართებს ყველა ადამიანს, ვინც ორი დღის განმავლობაში ამით სპეკულირებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ეს იყო კლასიკური მანიპულაცია „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, როდესაც ერთი ხელით თქვეს ჭორი და მეორე ხელით გააკეთეს კომენტარები, შეფასებები. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად უყურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პროდიუსერები და მათი სპიკერები ჩვენს საზოგადოებას. გამოდის, რომ აშშ-ის მთავრობამ ვერ ნახა ფორმატი, დრო და მოლაპარაკების საშუალება საქართველოს მთავრობასთან და ვინმე ქალბატონ ლიკას დააბარა, რომ უნდა ბაზის გახსნა და რას იტყოდა ამაზე ოფიციალური თბილისი. ისევ ქალბატონმა ლიკამ მიიტანა თურმე ამბავი უკან და აშშ-ის ბაზასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია შეუთვალა. აბსურდთან ერთად, ეს ძალიან სამარცხვინო მანიპულაციაა, რომელზეც, ვფიქრობ, ბოდიშის მოხდა მართებს ყველა ადამიანს, ვინც ორი დღის განმავლობაში ამით სპეკულირებდა.
ამერიკის საელჩომ პრაქტიკულად უარყო და ამით ტყუილში, მანიპულაციაში დაადანაშაულა ეს კონკრეტული ძალა, მათ მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტები, თუ სპიკერები. ასეთი მანიპულაციები, დეზინფორმაცია აზიანებს საქართველოს იმიჯს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. თუ ვნახავთ, ვინ მოიგონა ეს ჭორი, შემდეგ ვინ ცდილობდა ამის გავრცელებას, უკვე ყველაფერი ნათელი იქნება. იმ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრით არიან დაკავებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„მთავარმა არხმა“ ლიკა ბასილაია-შავგულიძეზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე.
საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა აღნიშნულ ინფორმაციასდა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.