როდესაც ასეთ მნიშვნელოვან მოწოდებას აკეთებს პრეზიდენტი და ჩვენი გუნდის მთავარი ლიდერი გუნდის წევრების მიმართ, მითუმეტეს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ის სერიოზულად უნდა აღიქვას - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.
მისი თქმით, ნიკა მელია არ უნდა ეკადრა მიხეილ სააკაშვილის სიტყვების დამცინავად მოხსენიება.
ბარამიძე გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე მელიამ აღნიშნა: „დღემდე, პარტიის გახლეჩის, ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, მენეჯმენტს არაფერი უკეთებია, სადღეგრძელოს სახით ერთობაზე საუბარი არ არის საკმარისი, როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა – დაშალო“.
ბარამიძის თქმით, იმ დროს, როცა ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი, პირად ამბიციების წამოწევის დრო არ არის.
„ეს არის პუტინის ტყვეობაში მყოფი, სიკვდილთან მებრძოლი საქართველოს ეროვნული გმირის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი პრეზიდენტის ტკივილით სავსე სიტყვები, რომლებიც ასევე არის მიმართული მომავლისკენ და მოგვიწოდებს ერთიანობისკენ. მე ვფიქრობ ყველა საღად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს კარგად ესმის რომ დღეს, როდესაც ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი, რუსული მაფია და საქართველოს მოღალატეები, არ არის იმის დრო რომ წინა პლანზე წამოვწიოთ ჩვენი პირადი ამბიციები და წყენები. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სწორედ ამას ეძღვნება, რომ ყველამ ჩვენი პირადი ამბიციები, წყენები უნდა გადავწიოთ უკანა პლანზე და წინა პლანზე დავაყენოთ საქართველოს ინტერესები. ეს ნიშნავს ერთიანობას, ეს ნიშნავს ერთად ბრძოლას, ეს ნიშნავს საქართველოს მშვიდობიანად გათავისუფლებას ამ მოღალატეობრივი რუსული რეჟიმისაგან.
როდესაც პრეზიდენტი და ჩვენი გუნდის მთავარი ლიდერი გუნდის წევრების მიმართ ასეთ სერიოზულ და ძალიან მნიშვნელოვან მოწოდებას, აკეთებს, მითუმეტეს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ის სერიოზულად უნდა აღიქვას და არა ისე, როგორც მან დამცინავად მოიხსენია რაღაც სადღეგრძელოდ. დამცინავად თქმა იმისა, რომ თითქოს ეს მხოლოდ რაღაცა სადღეგრძელოა და არაფერი სერიოზული მასში არ არის, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ძალიან სამწუხარო და ძალიან არასერიოზული და ნიკას ეს არ უნდა ეკადრა. არავინ არ უნდა იკადროს აბუჩად აიგდოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები.
მე ვფიქრობ, ახლა სახუმაროდ არ გვაქვს საქმე, ახლა ძალიან მძიმე დღეშია ჩვენი ქვეყანა. ქვეყანას დაუფლებულია რუსული მაფია, ბანდიტები, საქართველოს მოღალატეები და ჩვენი პასუხისმგებლობაა, თითოეული ჩვენგანის, მითუმეტეს პოლიტიკოსების, რომ შევეცადოთ მთელი საზოგადოების კონსოლიდაციას.“ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა აჩვენოს ამის მაგალითი. ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენ ვართ ვალდებულები, გადავდოთ უკანა პლანზე პირადი ამბიციები, პირადი წყენები. მოხდეს ჩვენი პარტიის კონსოლიდაცია და ხელი შევუწყოთ მთელი ჩვენი პატრიოტული, პროდასავლური ქართული საზოგადოების, რომელიც 90%-ია, კონსოლიდაციას, რათა მშვიდობიანად დავამარცხოთ ეს მოღალატეობრივი, რუსული რეჟიმი და გავუშვათ ხელისუფლებიდან,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.