ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები, მაქსიმუმ ხაბეიშვილს წაართვას, ხომ. შესაბამისად, ისინი მუდმივად ცდებიან დაგეგმვაში. მერე ჩვენზე ბრაზდებიან, როდესაც დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. რა თქმა უნდა, შემდეგ არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოვიგებთ, - მის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„თვითონ ლომჯარიას რომ წარმოაჩენ შუაშისტად, რასაც აკეთებს, აკეთებენ მათი პატრონები, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად უსუსურები არიან დაგეგმვაში. მერე ჩვენზე ბრაზდებიან, რატომ ვიგებთ არჩევნებს, რატომ აგებენ ყოველ ჯერზე „ნაცები“. ლომჯარია რომ გამოგყავს და ამ მართლა „ნაცს“ წარმოადგენ შუაშისტად, რა თქმა უნდა, წაგებული დარჩები. ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები, მაქსიმუმ ხაბეიშვილს წაართვას, ხომ. შესაბამისად, ისინი მუდმივად ცდებიან დაგეგმვაში. მერე ჩვენზე ბრაზდებიან, როდესაც დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. რა თქმა უნდა, შემდეგ არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოვიგებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ლომჯარია სუსტი პროექტია.
„ლომჯარია ბევრად უფრო სუსტი პროექტია, ვიდრე იყო თავის დროზე „ლელო“ და გახარია. ლომჯარია რა არის? არის ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცი“ საქართველოში. აქედან გამომდინარე, როგორი პროექტებიც არ უნდა დააინიცირონ, დღეს ლომჯარია იქნება, ხვალ შეიძლება, იყოს რომელიმე სხვა გვარი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის წარუმატებლობისთვის განწირული. უბრალოდ ვერ შეასაღებ ქართულ საზოგადოებას ლომჯარიას არანაცად და იმ ადამიანებს, რომლებიც მის გამო არიან შეკრებილი. ისინი არიან ჩვეულებრივი ნაცები“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.
ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა. ამასთან, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფმა გუშინ განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი სახაროვის სახელობის პრემიაზე წარადგინა.