პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმები მოაგროვოს.
ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შეხვედრაზე ბევრ ისეთ საკითხზე ვისაუბრეთ, რაც მე მაწუხებდა, რაც პრეზიდენტის კომპეტენციას ეხება. ვისაუბრეთ ჯარის, მოქალაქეობის მონიჭება-არ მინიჭებისა და სხვა საკითხების შესახებ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით. თავად პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს. „ქართული ოცნება“ მართალია, თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვსო და გამორიცხავს ამას, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ 100 ხმა ჰქონდეთ და არ გამორიცხავს, ძალიან ჩვეულებრივად უყურებს იმას, რომ პრეზიდენტი შეიძლება, გადააყენონ. იმპიჩმენტის შემდეგ რა უნდა გააკეთოს, პრეზიდენტს ამაზეც აშკარად ნაფიქრი აქვს და ეს სასიამოვნო მოსასმენი იყო. საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს.
სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ ჩემზე კარგად იცნობს და სიმართლე გითხრათ, მეც ყური მომჭრა „ქართული ოცნების“ თავის მოკატუნებამ, რომ კონსულტაციებს არავისთან ვაპირებთო. ზუსტად ეგ ნიშნავს, რომ გაშმაგებით მუშაობენ ამისთვის. პრეზიდენტი უშვებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები მიიღოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.