პოდოლიაკის განცხადება არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რა პროპაგანდაც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. ეს არ არის ახალი, ერთ წელზე მეტია, გვესმის მსგავსი განცხადებები და არამარტო განცხადებები, – ამის შესახებ პირველი არხის ცნობით, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.
„გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები, რომ მათი მხრიდან, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესს ეხებოდა გასულ წელს საკითხი. სამწუხაროა, თუმცა საჯაროდ ხდება იმის გავრცელება ამ პოლიტიკოსების მხრიდან, რასაც შეიძლება, ისინი ამ დრომდე კულუარებში აკეთებდნენ. სამწუხაროა ძალიან, ვინაიდან საქართველო და უკრაინა ევროინტეგრაციის პროცესში ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ და იყვნენ ერთად. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან პირიქით ნაბიჯებს, რაც ნამდვილად არ არის ზოგადად გაფართოების პროცესისთვის, ვინაიდან, ჩვენ ვართ ერთ მხარეს, ამ შემთხვევაში ყველა ის ქვეყანა, ვინც ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო უკეთესი იქნებოდა ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, ვიდრე ერთმანეთის წინააღმდეგ გვემუშავა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა: „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთი შანსიც კი არ აქვს“.