აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელერახ ABC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „პუტინმა უკვე წააგო ეს ომი, წააგო ის, რის მიღწევასაც ცდილობდა“.
„ის ცდილობდა უკრაინა რუკიდან გაექრო, ბოლო მოეღო უკრაინის დამოუკიდებლობისათვის, დაემორჩილებინა ის რუსეთისთვის“, - განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან .მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არის ნიშანი იმისა, რომ პუტინი დაინტერესებულია მოლაპარაკებებით. „რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება. ჯერჯერობით ვლადიმირ პუტინის მხრიდან არ გვინახავს ინტერესი დიპლომატიისადმი. თუ ის გამოავლენს ინტერესს, ვფიქრობ, რომ უკრაინელები იქნებიან პირველები, ვინც მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან და ჩვენ მათ გავყვებით“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„ყველას სურს, რომ ეს ომი დამთავრდეს, მაგრამ ის უნდა დასრულდეს სამართლიანი და გრძელვადიანი პირობებით, რომლებიც გამოხატავენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მან.
სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს არ წაუხალისებია და არ დათანხმებულა ამერიკული იარაღის გამოყენებაზე უკრაინის ფარგლებს გარეთ, თუმცა აღნიშნა, რომ ფაქტობრივად ყოველდღე რუსები თავდასხმებს ახორციელებენ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
„მხოლოდ იმ 48 საათის განმავლობაში, როდესაც იქ ვიმყოფებოდი, უფრო მეტი რაკეტა ესროლეს სამოქალაქო ობიექტებს, ასევე კიევს. ვიდრე იქ ვიყავი, იყო საზარელი თავდასხმა ბაზარზე, სადაც ხალხი პროდუქტების შესაძენად მიდიოდა. ისინი იყვნენ სამოქალაქო პირები, დაიღუპა 17 ადამიანი. ეს უკრაინელების ყოველდღიური ცხოვრებაა. ეს არის ის, რასაც ყოველდღე აწყდებიან. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დაუბრუნდეს მათ ის, რაც წაართვეს, ჩვენი როლია, ათობით სხვა ქვეყნის როლია დავეხმაროთ მათ ამაში“, - განაცხადა ბლინკენმა.