„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს რადიკალური ოპოზიციისგან აქვს გარანტია, რომ ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.
„არის სრული კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ისინი ერთ ხმაში მოქმედებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ ჰყავთ საერთო პატრონი და საერთო ინტერესებით მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, თავიდანვე სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია კონსტიტუცია და აქვს იმის გარანტია, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რა თქმა უნდა, არ გარისკავდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის თავისი ხარჯებით გააგრძელებს ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყანაში, არის აღიარება იმისა, რომ შეცნობილი ჰქონდა მისი ვიზიტის არაკონსტიტუციური შინაარსი.
„არ ვიცი, ვინ ურჩია ეს მას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველია იმპიჩმენტის საკითხი. ეს არის პირდაპირი აღიარება. რა თქმა უნდა, მას რომ გაეწია ბიუჯეტის ხარჯი, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა. ამიტომ არ გასწია მან ბიუჯეტიდან ხარჯი. ეს არის პირდაპირ, მისი მხრიდან საჯარო აღიარება იმისა, რომ მას შეცნობილი ჰქონდა მისი ვიზიტის არაკონსტიტუციური შინაარსი. შესაბამისად, ეს იყო ძალიან კარგი საჩუქარი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წინ. მან პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის განზრახ, შეგნებულად, მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას. ასევე მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც შემაშფოთებელია. პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც იცავს კონსტიტუციას. როდესაც ის ასე აცხადებს პრიდაპირ, რომ გაგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.