პრემიერი უცხოეთში საკუთარი ხარჯებით გაფრინდა, კერძო ვიზიტების შესახებ ინფორმაციას არავინ აქვეყნებს. ეს არავის საქმე არ არის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„არ ვიცი, საიდან მოიტანეთ 80 ათასი დოლარი ან ის, რომ რაიმეს მალავდა. ესე იგი, თანამდებობის პირმა ნებისმიერი კერძო ვიზიტის შესახებ საზოგადოებას წინასწარ უნდა აცნობოს, ვიდრე ამაზე კითხვებს დასვამენ? კერძო ვიზიტების შესახებ ინფორმაციას არავინ აქვეყნებს. ზუსტად ხუთი წუთით შევიხედე სოციალურ ქსელში და ზოგს ჰგონია, რომ პრემიერი ამერიკაში ჩარტერული რეისით გადაფრინდა და ასე შემდეგ. რაც გავარკვიე, მოცემულობა ასეთია – თავისი ოჯახის ხარჯებით ჩარტერით გაფრინდა შვილთან ერთად ევროპაში, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისით. ჩემი აზრით, ეს არც თქვენი და არც არავის საქმე არ არის. თქვენი საქმე მაშინ არის, როცა დეკლარაციაში ჩაიწერება და გამოქვეყნდება. ნებისმიერი კერძო ხარჯი – სახლში რას ხარჯავს, შვილის სწავლაში, დეკლარაციაში იქნება ჩაწერილი. საკუთარი ხარჯებით გაფრინდა. რაიმე უკანონოს თუ აღმოაჩენთ, შემდეგ ილაპარაკეთ. ვიღაცებმა ვერ აიტანეს, რომ ეს ადამიანი წინა ხელისუფალს არ დაემსგავსა. ქვეყნის პირველი პირი ჩარტერით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებს, სტილისტებს და ასე შემდეგ. ასევე საკუთარ ოჯახის წევრებს ბიუჯეტიდან სწავლის თანხებს უხდიდა. ახლა ათწლეულის შემდეგ ამის გადასაფარად უნდა ვილაპარაკოთ, პრემიერ-მინისტრი რატომ გაფრინდა? – ვერც ის აიტანეს, რომ მისმა შვილმა პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.