საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ბელორუსში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას აღნიშნა.
"არჩევნების შედეგების შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან პროცესი დასრულებული არ არის და საარჩევნო შედეგები გადათვლის პროცესში იმყოფება. რასაკვირველია ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საარჩევნო მოვლენებს და დაინტერესებულები ვართ, რომ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, ქართულ მხარეს ბელორუსის ხელისუფლებასთან და ხალხთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს და ამ ურთიერთობების გაღრმავება სურს.
"ჩვენ ამ ურთიერთობის გაღრმავებული გვსურს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით და ამ მხრივ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. ამასთან, მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგად ისეთ სურათი მივიღოთ, რომელიც საერთაშორისო, ცივილიზებული სამყაროსთვის მისაღები იქნება", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იმარჯვებს.