"ქრისტიან-დემოკრატიული" ფრაქცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მთავრობის დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს.
როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს მიღებული მთავრობის 320-ე დადგენილება "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონსა და სახელმწიფო სტრატეგიას ეწინააღმდეგება.
საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის მსურველ არასამთავრობო ორგანიზაციებს პრობლემები ექმნებათ.
ლალიაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პარლამენტის მიერ მიღებული სპეციალური კანონი და სტრატეგიული დოკუმენტი მოქმედებს, მთავრობის მიერ ოქტომბერში მიღებულ დადგენილებას კი დამატებითი ნებართვები და ბიუროკრატიული მექანიზმები შემოაქვს.