მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია პრეზიდენტს საგარეო ვიზიტების განხორციელება და აქაც სჭირდება მთავრობის თანხმობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„{საგარეო} მოლაპარაკების წარმოება რომ საჭიროებდა მთავრობასთან შეთანხმებას, ეს 2010 წელს ჩაიწერა და ამოქმედდა 2013 წლიდან. აქ არის მარტივი ლოგიკა - ერთადერთი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, არის საქართველოს მთავრობა. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია მას ამ ვიზიტების განხორციელება და აქაც სჭირდება მთავრობის თანხმობა“, - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი დავიდა სალომე სამადაშვილამდე.
„დიდი ხანია ეს მოცემულობა სახეზეა და ამას კონკრეტული საფუძველი აქვს. უკვე დიდი ხანია ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ ემთხვევა ზურაბიშვილის რიტორიკა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რიტორიკას. სალომე ზურაბიშვილი დავიდა სალომე სამადაშვილამდე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.