მთავრობის გადაწყვეტილება, როგორც მორალური, სამართლებრივი, ყველა თვალსაზრისით იყო სწორი, რადგან პრეზიდენტი როდესაც ამბობს, კანდიდატის სტატუსი არ გვეკუთვნოდა, მე წავალ, იქნებ მოგვცენ, ეს უკიდურესად დამაზიანებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამართლებრივად კონსტიტუცია რომ ირღვევა, ამაზე ვინმე დავობს? საკონსტიტუციო სასამართლოში დავას საერთოდ არ ვაპირებთ. კომპეტენციური დავა საერთოდ არ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. არსებობს დავა, რომელიც კომპეტენციასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ასეთი იყო, მაგალითად, როდესაც პრეზიენტი არ აწერდა ხელს ელჩების დანიშვნაზე. ეს არის სამართლებრივად აბსოლუტურად სხვა რამ. როდესაც იმპიჩმენტის პროცედურაზეა საუბარი, ჩვენ კომპეტენციაზე სადავო არ გვაქვს. მისი კომპეტენცია არ არის, რადგან კონსტიტუციაში ასეთი რამ არ წერია, ანუ სამართლებრივად აქ არის ყველაფერი მარტივად, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უზენაესი კანონი. კითხვას სვამდით, კარგ საქმეზეა წასული, ევროპული მომავლისთვის იბრძვისო. ჩვენ ამაშიც კი ეჭვი გვეპარება. ასეც რომ იყოს, სამართლებრივად კონსტიტუცია მაინც ირღვეოდა. სულ რომ შეცდომა დაეშვა მთავრობას და ვერ გაეთვალა, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი მართლაც ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნავს და სხვა რამეზე არასწორადაც კი შეჰპარვოდა ეჭვი, კონსტიტუცია მაინც დარღვეულია, რადგან მთავრობას უნდა მიეცა ყველა შემთხვევაში დელეგირება და თანხმობა.
მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, წელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან გვამუნათებდა, რომ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს, ანუ წელსაც არ გვეკუთვნის, ეს ნიშნავს, რომ ამის შემდეგ, მათ შორის არა კონსტიტუციიდან გამომდინარე, არამედ მორალური საფუძველიც კი არ არის, რომ ასეთ ადამიანს დაავალო, სთხოვო, ნება მისცე ან თანხმობა, შენი ქვეყანა წარადგინოს. მთავრობის გადაწყვეტილება მორალური, სამართლებრივი და ყველა თვალსაზრისით იყო სწორი, რადგან პრეზიდენტი როდესაც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არც შარშან გვეკუთვნოდა და არც წელს, მე წავალ, იქნებ მაინც მოგვცენ, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი. ამის შესაბამისად, არ შეიძლება ნდობა პრეზიდენტის თუ ნებისმიერი ადამიანის, რომელიც საკუთარ ქვეყანას აფასებს გაცილებით უარესად, ვიდრე ნებისმიერი ყველაზე კარგად შემფასებელი“, – განაცხადა მდინარაძემ.