რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, კიდევ შვიდი დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სამიზნე ცენტრალური სავაჭრო ბაზარი გახდა. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.
მომხდარის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა კონსტანტინოვკაზე საარტილერიო დარტყმა განახორციელა.
„როდესაც მსოფლიოში, სადღაც ჯერ კიდევ აქვთ მცდელობა, საქმე ჰქონდეთ რაიმე რუსულთან, ეს ნიშნავს თვალის დახუჭვას რეალობაზე. ამ ბოროტების სითავხედეზე. სრულმასშტაბიანი არაადამიანობაა. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ რუსული ბოროტების დამარცხება“, – წერს ზელენსკი.