პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ გიორგის დაგმობას ან განქიქებას არ ვაპირებ ნამდვილად. მე ჩემი ჟურნალისტები არ დამიგმია არასდროს, - ამის შესახებ „მთავარი არხის" ეთერში, ამავე არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
„პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ გიორგის დაგმობას ან განქიქებას არ ვაპირებ ნამდვილად. მე ჩემი ჟურნალისტები არ დამიგმია არასდროს. ერთადერთი გამონაკლისი იყო პუტინის ამბავი, რომელსაც მძიმე შეფასება მივეცი, მაგრამ, ოფლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლე იმისთვის, რომ გიორგის პრობლემები არ ჰქონოდა", - აღნიშნა მან.
გვარამიას თქმით, „მთავარი არხი" რომელიმე პარტიის გაგრძელება არ ყოფილა.
„რომ გითხრათ, რაღაც გავლენა არ ყოფილა ისეთი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას გავლენა არასდროს არ ჰქონია და არც მიშა სააკაშვილის პოზიციას... ან რომელიმე სხვა დასავლური პარტიისთვის არ გაგვიწევია ანგარიში, ან იმაზე ნაკლებად გაგვიკრიტიკებია, ვიდრე, მაგალითად, ხელისუფლებას გავაკრიტიკებდით, მაგ შემთხვევაში, მოვიტყუები. ეს ასე არ არის. არასდროს გვიმტკიცებია, რომ ეს ასე არ არის. შეიძლება თუ არა ამას შინაგანი ცენზურის რამე პრობლემები მოჰყოლოდა, ალბათ შეიძლება. მაგრამ ის, რომ ჩვენ რომელიღაცა პარტიის გაგრძელება ვიყავით... პირიქით, რომ თქვას ვინმემ, ეს უფრო შეიძლება, რეალობასთან ახლოს იყოს, მაგრამ არ ვყოფილვართ პარტიის გაგრძელება. ყოველ შემთხვევაში მე პარტიებისგანაც ვიცავდი ჩემს ჟურნალისტებს და ხელისუფლებისგან", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ გენერალური დირექტორის პოზიციის დატოვების მიზეზებზეც ილაპარაკა.
„სხვათა შორის, მე წავედი დირექტორობიდან, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მე თვითონ ჩავთვალე, რომ შეიძლება, სათანადოდ ეს ყველაფერი არ მეკეთებინა. ჩემი მიზნები გახდა უფრო პოლიტიკური, ვიდრე აქამდე იყო. მე აღქმული ვიქნებოდი გარედან, სხვა თუ არაფერი, უფრო მეტად მიკერძოებულად, - განმარტა მან და ამჟამინდელი ხელმძღვანელის საქმიანობაზე ისაუბრა, - ამ ტელევიზიამ, გიორგიმ [გაბუნიამ], პირველ რიგში დაადასტურა ის, რომ გვარამია ციხეში შემაფერხებელი ფაქტორი კი არ იყო პირიქით, მიუხედავად უმძიმესი, მათ შორის ფინანსური პირობებისა".
ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ გიორგი გაბუნიას 4 სექტემბრის განცხადება მისთვის არ არის მისაღები.
„მე ბევრი ლაპარაკი გიორგიზე და ამ მონოლოგზე არ მინდა, თუმცა არ მომეწონა, არც მისი პოლიტიკური ნაწილი, პირდაპირ გეტყვით", - თქვა გვარამიამ.
4 სექტემბერს „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამოვნებით და ბედნიერებით ვთქვა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს ეს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ“.