რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამოვნებით და ბედნიერებით ვთქვა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, - ამის შესახებ განაცხადა ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი შუადღე“ .
მან არხთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ცვლილებები „არა მარტო კოსმეტიკური“, არამედ „ძირეულია“
„სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამოვნებით და ბედნიერებით ვთქვა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს ეს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ“.
გაბუნიამ განაცხადა, რომ ტელევიზიაში ტაშით შეხვდნენ ინფორმაციას ცვლილების შესახებ და რომ ვალდებული აღარ არიან ვინმეს მითითებები გაითვალისწინონ. მისივე თქმით, თანამშრომლები გრძნობენ ყველაზე მეტად იმ სიმძიმეს „როცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ ხარ“.
გაბუნიამ ასევე ისაუბრა დაპირისპირებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს - ლევან ხაბეიშვილსა და ნიკა მელიას შორის და თქვა, რომ ორივე მათგანს დაკარგული აქვს პოლიტიკური მხარდაჭერა.
„მე გავაშუქებ, რასაც ისინი გააკეთებენ ან ვერ გააკეთებენ. უნდა მიხვდნენ, თავიანთი ადგილი სად არის“. - თქვა გაბუნიამ.