„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრონი რომ არ ჰყოლოდა და ყოველკვირეული მითითებები არ მიეღოთ, ერთი დღე არ იყვნენ ქვეყნის მმართველები, ამ ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ მათ ერთ მენეჯერი არ ჰყავდათ, იმიტომ რომ ელემენტარული არ იციან“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
იგი ჩოხატაურში სკვერის „გასხვისების“ საკითხს გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა
„არსებობს სივრცითი დაგეგმარების კოდექსი, სადაც წერია, რომ სკვერში შეიძლება აშენებული იქნას მხოლოდ საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა. ამით თემა არის დახურული. ვერავინ იმ ადგილს ვერ გაყიდის. ფიზიკურად, პრაქტიკაში შეუძლებელია, რომ სკვერის ნაწილი გაიყიდოს. ჩვენს მუნიციპალიტეტებს, საკრებულოებს ყველას ვთხოვ კარგად დაიმახსოვრონ - სკვერის გაყიდვა იმ მიზნით, რომ იქ რაღაც აშენდეს - არის შეუძლებელი და ვერ გაიყიდება. ეს იქნება მაგალითი ყველასთვის, რომ ასეთი ინტერპრეტაციები ვეღარ და აღარ მისცენ. თუ არის სკვერი და თან რეკრიაციული ზონაა ვერ მოაჭრი რაღაც ნაწილს და ინტერპრეტაციას ვერ გაუკეთებ რომ ეს აღარ არის ამ დანიშნულების და ვერ ააშენებ სხვა რაღაცას. იქ ვერაფერი აშენდება რაც არ უნდა საერთო სარგებლობის იყოს და რაც არ უნდა უნდა სახელმწიფოებრივი დატვირთვა ჰქონდეს ამას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.