საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში ვიზიტს ეხმიანება.
„ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი როლისთვის ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში” - წერს ტვიტერზე საფრანგეთის ელჩი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 1-ელ სექტემბერს შეხვდა. მანამდე კი შეხვედრა ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა.
30 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მათივე განცხადებით, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. აღნიშნულის გარდა, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა კიდევ 9 ვიზიტზე, მათ შორის უკრაინაში გამგზავრებაზეც.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1-ელ სქტემებერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.