პრეზიდენტის იმპიჩმენტი არათუ შეუშლის ხელს, არამედ პირიქით, აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას, რომ ვუფრთხილდებით კონსტიტუციას, ეს არის სწორედ ევროპულობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„აქ საუბარია ნებისმიერი სახელმწიფოს უმარტივეს, საბაზისო პრინციპებზე. ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო დგას საკუთარ კონსტიტუციაზე. ეს არის ძირითადი კანონი, რომელიც კრავს მთელ საზოგადოებას. შესაბამისად, აქ ჩვენ საკითხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, დაირღვა თუ არა განზრახ ჩვენი კონსტიტუცია. ეს არის მნიშვნელოვანი. წინასწარ განსაზღვრული იყო თუ არა ეს დარღვევა და უნდა ჰქონდეს თუ არა რეაქცია სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს საკუთარ კონსტიტუციას, დემოკრატიას და ხალხის მმართველობას. ამიტომ ეს არათუ ხელს შეუშლის, არამედ პირიქით, აჩვენებს კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ევროპულობას, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს კონსტიტუციას. ეს არის სწორედ ევროპულობა და არა პირიქით, რომ კონსტიტუციის დარღვევას შეიძლება, რაიმე საერთო ჰქონდეს ევროპულ მისწრაფებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.