პრეზიდენტი იმ პოლიტიკოსების რიტორიკას იმეორებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე წერს.
„სწორია, სტატუსი რომ არ მოგვცესო – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი!
მას თავგამოდებით იცავენ ომის პარტიის ქართველი წარმომადგენლები, მათი ტელემედიები და სვამენ კითხვას, მთავრობამ რატომ არ მისცა თანხმობა პრეზიდენტს, კანდიდატის სტატუსზე თავისი პოზიცია ახლა უკვე ევროპაში, საქართველოს სახელით გაეხმოვანებინა!
მაშინ, როდესაც, თავად ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა მნიშვნელოვან სფეროში საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი ცდილობს, გაამართლოს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება!
ის იმ პოლიტიკოსების რიტორიკას იმეორებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ და ქართველი ხალხის არჩევანის პრორუსულად მოსანათლად!
ამ ყველაფერთან ერთად, პრეზიდენტი უხეშად, უდავოდ და მიზანმიმართულად არღვევს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას!
ამ და სხვა წინაღობების, ანტიქართული და ფსევდოდასავლური მავნებლობების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრობისკენ სვლას!“ – წერს მამუკა მდინარაძე.
30 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მათივე განცხადებით, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. აღნიშნულის გარდა, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა კიდევ 9 ვიზიტზე, მათ შორის უკრაინაში გამგზავრებაზეც.