საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ბრიუსელში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეც.
სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელებით გაავრცელა. გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კი გამოქვეყნდა ფოტო წარწერით – „მოლაპარაკებები სალომე ზურაბიშვილთან“.
30 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მათივე განცხადებით, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. აღნიშნულის გარდა, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა კიდევ 9 ვიზიტზე, მათ შორის უკრაინაში გამგზავრებაზეც.