ჩვენი ეროვნული ამოცანაა, საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები პარტიის დატოვებას განაგრძობენ.
მისი თქმით, რაც მეტად გაღვივდება დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით მეტად დაიკლებს ამ პარტიის რეიტინგი
„ეს არის ბრძოლა „ნაცმოძრაობის“ შიგნით პოზიციებისთვის. ვიცით, რომ არის რამდენიმე დაჯგუფება, გარდა ამისა, მათი ფორმალური დაჯგუფება არის ძალიან სუსტი და შესაბამისად, აქვთ იმედი, რომ რაღაცნაირად მოახერხებენ მისი პოზიციების შერყევას. ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით. ძალიან კარგია, რაც მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიტყოდი ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის, შესაბამისად, ძალიან კარგი მიმართულებით წარიმართება ეს პროცესები. რაც უფრო მეტი იქნება დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიგნით, მით უკეთესი. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის არის არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“, არამედ მთლიანად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, მთავარი დონორი. აქედან მისი ფინანსების გათვალისწინებით, ის არის გამოკვეთილი, როგორც ერთგვარი რეალური ლიდერი რადიკალური ოპოზიციის შიგნით“, – განაცხადა კობახიძემ.