ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობა არ აქვს, რასაც თავისი მიზეზები გააჩნია.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, მეც ზუსტად იგივე ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს თანხმობა საქართველოს მთავრობის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას, კომპეტენციას. კონსტიტუციის მიხედვით, მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ ამ უარსაც თავისი მიზეზები აქვს. ასე მშრალად და ფორმალურად არაა მხოლოდ. ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, კონსტიტუციის დარღვევა, კონსტიტუციის უპატივცემულობაა, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, მთავრობის მხრიდან ამ შეუთანხმებლობას, დაუთანხმებლობას აქვს კონკრეტული მიზეზები. მაგალითად, მე შემიძლია, გაგახსენოთ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო. ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით, გულში მაინც. რა იყო საქართველოს, საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო? საქართველო თითქოს დღეს არ იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას და კანდიდატის სტატუსს, ეს პათოსი იყო მაშინ მის განცხადებაში. საქართველო დღეს გატარებული რეფორმებით ახორციელებს ყველა იმ საჭირო მოქმედებას, რომელიც ევროპული კურსის სწორად განსაზღვრისთვის, როგორც ამ ქვეყნის პრიორიტეტისთვის, არის საჭირო; მეორე – ასრულებს რეკომენდაციებს შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე და ჩვენ ვიცით, თუკი სადმე ობიექტური შეფასება დაიდო, მათ შორის ევროკავშირის ობიექტური შეფასება, ქულებითაც, კრიტერიუმებითაც ეს იყო შეფასება, სადაც საქართველო იყო მოწინავე ადგილზე და ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ სხვა ქვეყნებს უსწრებდა ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრით. ამ ფონზე, როცა ჩვენი ევროპელი კოლეგებიც კი შეფასების კრიტერიუმებით ადასტურებენ, რომ საქართველო პირველია ამ მიმართულებით და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, რომ მისი ვოიაჟი, რომელსაც სწორედ ამის გამო არ ეთანხმება მთავრობა, იყოს ასევე ამ მიზნიდან გამომდინარე. სულ რომ ეს ქვეყანა, მისი ხელისუფლება რეკომენდაციებს შესაბამისად არ და ვერ ასრულებდეს, საქართველოს გულშემატკივარმა, საქართველოს მოქალაქემ, ნებისმიერმა, მისი სტატუსის მიუხედავად, უნდა თქვას, რომ რეკომენდაციები სრულდება და საქართველო იმსახურებს. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ეს მართლაც ასე ხდება – რეკომენდაციები სრულდება, საქართველო მოწინავეა, როცა ევროკომისია სრულად შესრულებულად მიიჩნევს სამ რეკომენდაციას, დანარჩენს ნაწილობრივ შესრულებულად, ჩვენ ამაზე ვეკამათებით, მიდის დისკუსია და ვამბობთ, რომ სამი კი არა, 11-ია და გავდივართ ბოლოში, საქართველოს მოქალაქე, ჟურნალისტი, პრეზიდენტი თუ ნებისმიერი რიგითი მოქალაქე ამბობს, რომ არა, არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, რეკომენდაციები არ არის შესრულებული, არ ვდგავართ ჩვენ სწორ გზაზე, ჩვენ ვადგავართ რუსეთის გზას, ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, საბოტაჟი. სწორედ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება საქართველოს მთავრობის უთანხმოება, დაუთანხმებლობა და შესაბამისი გადაწყვეტილება.
როგორც ქართული რადიკალური ოპოზიცია, იგივე „ნაცმოძრაობა“ თავისი ყველა ჯგუფით და კლასტერით, ასევე სალომე ზურაბიშვილი ერთ ნარატივზე არიან და ეს ნარატივი საბოლოო მიზნად ისახავს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. როდესაც ეს ძალიან კარგად ვიცით, მაშინ ქალბატონი სალომეს ე.წ. ვოიაჟი, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რისკის შემცველია. როდესაც პარლამენტის ტრიბუნაზე წლიური ანგარიშით გამოდის პრეზიდენტი და ამბობს იმას, რაც დააზიანებს საქართველოს, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და საქართველოს პრეზიდენტის პათოსი რომ მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს, რადგან თითქოს რეკომენდაციები არ აქვს შესრულებული, ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მათივე ცნობით, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.