რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკას უპასუხა. საუბარია პაპის მიმართვაზე რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებისადმი, რომელშიც მან ახალგაზრდებს წმინდანების, მმართველების, პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის“ და უდიდესი განათლების, კულტურისა და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები უწოდა, მოუწოდა მათ, დაიცვან ეს მემკვიდრეობა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პაპის ეს მიმართვა იმპერიალისტური პროპაგანდის ტოლფასია. უკრაინული მხარის საპასუხოდ განცხადება გაკეთდა ვატიკანში.
ვატიკანში განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან უკრაინის საგარეო უწყებას ტომის პაპის გამოსვლის შეფასებისას.
“თავის მისასალმებელ სიტყვაში, რომის პაპმა მოუწოდა ახალგაზრდებს, შეინარჩუნონ და განავითარონ რუსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები”, - განაცხადეს ვატიკანში.
რომის პაპმა ფრანცისკემ რუსი ახალგაზრდებისადმი მიმართვისას აღნიშნა:
„არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები, წმინდანთა დიდი რუსეთის, მმართველების: პეტრე I-ის დიდი რუსეთის, ეკატერინე მეორის, იმ იმპერიის – დიდი, განათლებული, დიდი კულტურისა და დიდი ადამიანობის. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები ხართ, ამით იარეთ წინ. და გმადლობთ, გმადლობთ თქვენი ყოფნისთვის, რუსებად ყოფნისთვის“.