ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს მისი მეუღლის გარშემო აგორებული სკანდალის გამო გადადგომისკენ მოუწოდებენ. იუწყება Reuters.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერის მეუღლე იმ კომპანიის წილის მფლობელია, რომელიც, სანქციების მიუხედავად, რუსეთში მუშაობას აგრძელებს.
მედიის ცნობით, კაია კალასის მეუღლე არვი ჰალიკა ფლობს წილს სატრანსპორტო კომპანია Stark Logistics-ში, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან, ხოლო კაია კალასი ქმრის კომპანიას ფინანსურ დახმარებას უწევდა. ცნობილი გახდა, რომ კალასმა დეკემბერში 350 000 ევრომდე სესხი გამოუყო თავისი მეუღლის ბიზნესს, მაშინ როდესაც ესტონეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიას რუსული ნიკელის ტრანსპორტირება აუკრძალა.
თავად ესტონეთის პრემიერის განცხადებით, დარწმუნებუილია, რომ მისი მეუღლის კომპანია არაკანონიერ ქმედებებში არ მონაწილეობს.
კალასის მეუღლე კი აცხადებს, რომ კომპანიაში არსებულ თავის წილს ყიდის.
ესტონეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური განმარტება გააკეთოს.
ესტონეთის პრემიერმა 24 აგვისტოს განაცხადა, რუსეთში მეუღლის ბიზნესსაქმიანობის შესახებ ორშაბათს შეიტყო და მისი კომპანია რუსეთში საქმიანობას სექტემბერში დაასრულებს. პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Stark Logistics-ს არ დაურღვევია სანქციები.
ესტონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გადადგომის საკითხის დაყენების აუცილებლობას ვერ ხედავს. „მე ვერ ვხედავ გადადგომის საკითხის განხილვის აუცილებლობას, რადგან ცუდი არაფერი გამიკეთებია. ჩემს ქმარს ცუდი არაფერი ჩაუდენია“, – თქვა კალასმა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ესტონეთი უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. ხოლო კაია კალასი ევროპულ ბიზნესებს მოსკოვთან კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდებდა.