ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევით, რომ საქართველო იყოს მეტად მდგრადი და მედეგი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ მტკიცე მხარდაჭერას, მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აქვთ.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა განსწავლულია და შეუძლია, გაარჩიოს პროპაგანდა სიმართლისგან, სიმართლე – კონსპირაციისა და ტყუილისგან.
„ჩემი აზრით, უნდა შევხედოთ, რატომ ამბობენ ეს ადამიანები იმას, რასაც ამბობენ, არ აქვთ ფაქტები, არ ფლობენ ინფორმაციას? თუ სხვა მოტივები ამოძრავებთ და რა მოტივებია ამის მიღმა? ეს იქნებოდა კითხვები, რეალურად რაც უნდა დავსვათ. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა, წამყვანი ლიდერები დისტანცირებას ახდენენ იმ განცხადებებისგან კერძო შეხვედრების დროს, რომლებიც დამაზიანებელია, ჩვენ შორის ურთიერთობების შესუსტებაზეა გათვლილი. ეს არ ასახავს იმ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთან გვქონდა 30 წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, ეკონომიკის გაძლიერებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას. თუ იქნება გარემო პრორუსული პროპაგანდისთვის, რომელიც ცდილობს, დააბნიოს, გაყოს ხალხი, ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ფოკუსი მნიშვნელოვანზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.