აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფორმირებულია რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ. იუწყება ABC News თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა ადრიენა უოტსონმა განაცხადა, რომ აკვირდებიან ინფორმაციებს აღნიშნული ავიაკატასტროფის შესახებ. მისივე თქმით, თუ ინფორმაცია დაჯგუფება“ ვაგნერის“ ხელმძღვანელის დაღუპვის შესახებ დადასტურდება, არავის უნდა გაუკვირდეს.
„თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, არავის უნდა გაუკვირდეს. უკრაინაში დამღუპველმა ომმა მიგვიყვამა კერძო არმიის ლაშქრობამდე მოსკოვისკენ, ახლა კი, როგორც ჩანს, აქამდე“, - განაცხადა უოტსონმა.
შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ “როსავიაციაზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ. ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. მგზავრთა სიაში იყო ევგენი პრიგოჟინიც.