დმიტრი მედვედევის განცახდებასთან დაკავშირებით რეაგირება გახლავთ გაცხადებული პოლიტიკის მეტი ერთგულება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მშვიდობიანი ხერხებისა და გზების გამოყენებას გულისხმობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძეს კითხვით მიმართეს, რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას რუსეთის იშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იქნება“.
სარჯველაძის თქმით, ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება.
„ამასთან დაკავშირებით რეაგირება გახლავთ გაცხადებული პოლიტიკის მეტი ერთგულება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მშვიდობიანი ხერხებისა და გზების გამოყენებას გულისხმობს. ადრე თუ გვიან, ეს იდეა განხორციელებადია, რადგან ასეთია ისტორიული სამართლიანობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, სპეკულაციაა საუბარი იმაზე, თითქოს ხელისუფლება სდუმს.
„წმინდა წყლის სპეკულაციაა, როდესაც ამბობთ, რომ დუმილია ჩვენი მხრიდან. ამ წუთას ვაკეთებ განცხადებას და ვამბობ, რომ კატეგორიულად მიუღებელი რამ არის. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ, ახლა უერთგულოთ არა ქვეყანას, არამედ – პარტიას და დაარქვათ დუმილი, საქართველოს მხრიდან შემრიგებლური დამოკიდებულება. საქართველოს ინტერესით ვინც მოქმედებს, ეს განცხადება ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია და ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს აქვს მტკიცე, ურყევი პოზიცია, რომ ვერასდროს შეურიგდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ტიპის განცხადებები, რომლებიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, დამთავრდა. მგონი, ამასთან დაკავშირებით ვისაც კითხვას დაუსვამთ, ყველასგან იდენტურ პასუხს მიიღებთ“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს.