საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია.
სარჯველაძემ კომენტგარი გააკეთა მედვედევის განცხადებაზე, რომელშიც მან აღნიშნა: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იქნება“.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველო ვერასდროს შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და მშვიდობიანი გზით შეძლებს ტერიტორიების დაბრუნებას.
„ეს განცხადება მოვისმინეთ. საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ერთი მხრივ, აღიარებულია მთელი ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საქართველოს პოზიციაც ამ მიმართულებით არის ურყევი, ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა. ეს ნიშნავს, რომ კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმურია ნებისმიერი განცხადება, ქმედება, რომელიც იქნება შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა, რომელიც მოვისმინეთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
იმავდროულად, ჩვენ ვიცით არსებული ვითარება, კონტექსტი და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ არჩეული პოზიციაც. საქართველო ვერასდროს შეურიგდება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას. ვერც ერთ შემთხვევაში, ვერასდროს შეურიგდება ამ მდგომარეობას. შესაბამისად, ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით აუცილებლად შეძლებს, აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა, დაიბრუნოს ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მიმართულებით ურყევი ნება იქნება ის ფაქტორი, რომელიც ადრე თუ გვიან შეგვაძლებინებს, რომ გავამთლიანოთ საქართველო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, არ არსებობს ფორმა, რომელიც შეიძლება, ამ უზენაესი ღირებულების რაიმე ფორმით ხელყოფის შესაძლებლობას ქმნიდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.